ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

16 თებერვალს სკოლა ლამპარის მე-9(1) კლასი, ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით – ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას. მუზეუმში დაცულია 2000-მდე ექსპონატი, პოეტთან დაკავშირებული პიროვნებების ფოტო-მასალა, ბარათაშვილთა საგვარეულო გერბი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დოკუმენტაცია და ა.შ. მუზეუმი აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. ცალკე გამოყოფილ დარბაზში ხშირად იმართება მუსიკალური და პოეზიის საღამოები, გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიასპორებთან სახელწოდებით -„კულტურათა დიალოგი“. მეცხრე კლასის პროგრამით გავიარეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“ და აღნიშნული ვიზიტი სწორედ რომ ამ ტექსტის ღრმა განხილვას დავუკავშირეთ. გიდი არაჩვეულებრივად საუბრობდა პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ მის პირად მწერილებზე გრიგოლ ორბელიანთან, წარუმატებელ სიყვარულსა და არარსებულ პორტრეტზე.შეხვედრა იყო ნამდვილად ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *