მშობლებთან ურთიერთობა

           სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაცია  ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. მშობლებთან ურთიერთობის მიზანია მოსწავლეებმა უფრო წარმატებით დაამთავრონ სკოლა და ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობები; მშობელი ჩაერთოს შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში. ასევე, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაში; მშობელი სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას შვილის აკადემიური მოსწრებისა და ქცევების შესახებ და დროულად რეაგირებდეს საჭიროების შემთხვევაში; მიაწოდოს პედაგოგს მოსწავლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია მისი შვილის შესახებ; სკოლამ გაზარდოს საზოგადოებაში თავისი იმიჯი და მიიღოს მშობლებისგან მეტი მხარდაჭერა;

           მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება ხდება სხვადასხვა ფორმით: ელექტრონული ჟურნალი, სატელეფონო ზარი, სოცილური ქსელების პირადი მიმოწერების საშუალებით. 

           სკოლის საქმიანობისა და სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს  მიეწოდება კლასის დამრიგებლის და ადმინისტრაციის მეშვეობით. თითოეულ კლასში მშობელთა სავალდებულო კრება ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის  ბოლოს (პანდემიის პირობებში ონლაინ პლატფორმების მეშვეობით).   

           მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება შესაძლოა ასევე განხორციელდეს:

  • საგნების მიხედვით მოსწავლის აკადემიური მოსწრების ფურცლით, რომელშიც სემესტრების მიხედვით აღინიშნება თითოეული საგნის შეფასებები;
  • მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრების დროს.

            მოსწავლის აკადემიური მოსწრების, განმავითარებელი შეფასეებების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან ადმინისტრაციის წევრი ინდივიდუალურად ხვდება მშობელს, ან აწვდის მას ინფორმაციას სქულბუქის (ელექტრონული ჟურნალის) საშუალებებით.

           საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს, უფლებამოსილია მშობელს გააცნოს შვილის სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში რომელსაც ასწავლის.

           დამრიგებელი რეგულარულად  აწვდის მშობელს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.

           დამრიგებელი სასწავლო წლის ბოლოს ააანალიზებს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევებს, გაკვეთილებზე დასწრებას და ქცევას მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, ამზადებს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და აწვდის მშობელს.

 

           მნიშვნელოვანია მშობელთან ურთიერთობა (მიმოწერისას ან საუბრისას) პოზიტიურ ასპექტში მიმდინარეობდეს, და მოსწავლის შეფასება იყოს ობიექტური, მრავალმხრივი და აუცილებლად პოზიტიურიდან პრობლემისაკენ მიმართული.

         სასწავლო წლის დასაწყისშივე ხდება მოსწავლისა და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ  გაკვეთილებისა და შემაჯამებელი გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.

        თითოეულ მშობელს შესაძლებლობა აქვს თავისი სურვილისამებრ მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში.