დამრიგებლები

სკოლაში ყველა კლასს  ჰყავს დამრიგებელი.  ერთ დამრიგებელს ჰყავს ერთი და გამონაკლის შემთხვევებში ორი სადამრიგებლო კლასი

 

დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:

ა) სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებელი ზრუნავს  მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედებასა  და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნაზე;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაზე – ამ მიზნით დამრიგებელი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან  ემყარება თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

 

დამრიგებელი ვალდებულია:

 

ა)  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით. მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილი სკოლის საერთო პროექტის „გარემოსდაცვითი განათლების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, თითოეული კლასის დამრიგებელი ვალდებულია განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სადამრიგებლო საათის ფორმატის გამოყენებით.

გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

დ) მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გაიგოს გამოუცხადებლობის მიზეზი და აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას;

ე) ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სკოლაში (მორიგეობის დაცვა, დისტანცია მოსწავლეებს შორის, საკლასო ოთახების განიავება და ა.შ);

ვ) ვირუსის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს;

ზ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

თ) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;

ი) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

კ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;

ლ) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში;

მ) საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

 

დამრიგებელი  რეგულარულად ეცნობა  სამინისტროს და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.

 

სკოლას შემუშავებული აქვს სადამრიგებლო პორტფოლიოს ნიმუში, რომლის წარმოება ევალება თვითოეულ კლასის ხელმძღვანელს;