სკოლა ,,ლამპარის“ 72 კლასი იმყოფებოდა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის უდიდესი პიროვნების – ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელი გარემო. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა ილია ჭავჭავაძის მიერ მისი მეუღლის ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულში.
დღეს სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მუზეუმში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია“, „საქართველოს მოამბე“…).
მუზეუმის გიდი ძალიან კმაყოფილი დარჩა სკოლის მოსწავლეების აქტიურობითა და შეკითხვებით. მოსწავლეებს სიღრმისეულად ჰქონდათ გააზრებული ილიას, როგორც პიროვნებისა და როგორც საზოგადო მოღვაწის მნიშვნელობა იმ დროინდელი საქართველოსთვის.