22 იანვარს სკოლა ლამპარის მე-10 კლასმა ძველი თბილისი, აბოს სახელობის მონასტერი და მეტეხის ტაძარი მოინახულა. თბილისის ის ადგილი, სადაც წმინდა აბო აწამეს და შემდეგ მისი ნეშტი დაწვეს, არის ერთ-ერთი წმინდა ადგილი ქალაქში. ღვთის განგებით, წმინდა აბო თბილელმა სულიერი ზღუდე აღუმართა დედაქალაქს. მტკვრის ერთ მხარეს, ნარიყალის ციხესთან, წმინდა აბოს თავი მოჰკვეთეს, ხოლო დაწვეს მოპირდაპირე მხარეს, მეტეხთან, სადაც სასწაული გამოვლინდა. იმ დღიდან ამ ადგილმა შეიძინა კურნების მადლი, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, თუკი რწმენით მივეახლებით მას. ამიტომაც არის წმინდა აბო თბილისის მფარველი. არსებობს გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში ყოველ წელს, აბო თბილელის ხსენების დღეს (21 იანვარს), მისი ძვლები ამოიწეოდა მტკვრის ზედაპირზე და შემდეგ ისევ უჩინარდებოდა. სხვათა შორის, ეს გვახსენებს წმინდა შიო მღვიმელის ძვლების ამოწევას შიომღვიმობას. მტკვარი უწმინდესი მდინარე იყო, აბო თბილელის, 100000 ქართველი მოწამის, წმინდა დოსითეოს თბილელის და სხვა უამრავი მოწამის სისხლით შეღებილი. წმინდა აბოს მარტვილობის შემდეგ მისი ნეშტის დაწვის ადგილას ჯვარი აღიმართა. აქ გადიოდა ხიდი, რომელიც ყოველთვის ხისა იყო. მტრის შემოსევის შემთხვევაში ხის ხიდს ადვილად შლიდნენ, რათა მტერი აღარ გადმოსულიყო. რაც მთავარია, ხიდზე გადასულ კაცს აუცილებლად უნდა გაევლო აბო თბილელის დაწვის ადგილი და ისე შესულიყო ქალაქის მეორე ნაწილში. ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული ერეკლე მეფე, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მოსდევდა, ჩამოქვეითდა აბო თბილელის ჯვართან, ემთხვია, შეავედრა აბოს დედათბილისი, მთელი საქართველო და ასე წავიდა თიანეთში. წელს დავიწყეთ ჰაგიოგრაფიის შესწავლა და დავასრულეთ წმინდა აბოს წამება, აღნიშნული აქტივობის მიზანიც სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და აღნიშნული წმინდა ადგილების მოლოცვა იყო.