პოეტი გელა დაიაური და მომღერალი დავით კენჭიაშვილი

სკოლა"ლამპარს" ეწვივნენ

     22 მარტს, პარასკევს, ჭყონდიდელის N26 მდებარე სკოლა "ლამპარმა" პოეტ გელა დაიაურსა და მომღერალ დავით კენჭიაშვილს უმასპინძლა.საოცრად შთამბეჭდავი იყო მათთან შეხვედრა. დარბაზის კედლებს მუცოს ციხე-კოშკები ამშვენებდა, თვალს ახარებდა ხევსურული ორნამენტების ქარაგმა. მოსწავლეებს, გელა დაიაურის ლექსებით ფრთაშესხმულთ და დავით კენჭიაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერით აღტაცებულთ, გული საგულეს არ ეტეოდათ. ფერადი სანთლები ლიცლიცებდა შანდლებში. ერთმანეთს ენაცვლებოდა პოეტური მხატვრულობით მწვერვალს აწვერილი სიუჟეტები, პერსონაჟები...კმაყოფილი იყო პოეტი. თითოეულ ლექსს, მოსწავლეთა მიერ თქმულს, აყოლებდა ბაგეს. თავადაც წაიკითხა ლექსები - სავსენი გრძნობით, გრძნებით, ტკივილითა და სიწრფელით. ბევრ დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი და პატარა "საიდუმლოც" გაამხილა."მოდით, ვიმღეროთ ერთად!" - დავით კენჭიაშვილის ხმამ ჟრუანტელად დაიარა. კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ქართული მრავალხმიანობის უკიდეგანობისა. 

    სამსახსოვრო "ჩანაწერთა წიგნში" სიყვარულითა და მადლიერებით სავსე სიტყვები დაგვიტოვა პოეტმა. ეძნელებოდა წერტილის დასმა. ჩანაწერი დატოვა უწერტილოდ.

(საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ია ჯღარკავა. დახმარებისთვის მადლობას ვუხდით დირექციას)