ლაბორატორიები

შპს „ქ. თბილისის საშუაო სკოლა ლამპარის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია თანამედროვე სასწავლო თვალსაჩინოებებით,  ჭურჭლით სასწორებით, რეაქტივებით, მიკროსკოპებით, მუდმივი პრეპარატებით, ადამიანის ორგანოების მულაჟებით, საექსპერიმენტო ხელსაწყოებითა და აპარატურითაა აღჭურვილი. ლაბორატორიაში დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოების ზომები.

მოსწავლეები ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის სასკოლო ლაბორატორიებში  ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, გრძელვადიან ექსპერიმენტებს, ატარებენ კვლევებს, ამზადებენ პრეპარატებს, აკვირდებიან მიკროსკოპით, აკვირდებიან ოპტიკურ მოვლენებს სხვადასხვა  ლინზების, სინათლის ინტენსიური წყაროსა თუ ინტერფერენციის სადემონსტრაციო ხელსაწყოს საშუალებით, გამოაქვთ სათანადო დასკვნები. მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციებს და პროექტებს.

ბავშვები ელექტრული ძრავის საშუალებით გარდაქმნიან მექანიკურ მუშაობას ელექტრულ ენერგიად: ბორბლის ხელით დატრიალებით ანთებენ ნათურას, სხვადასხვა წინაღობის რეზისტორების, რეოსტატის, ვოლტმეტრების, ამპერმეტრების, დენის წყაროს თუ დენიანი კოჭას საშუალებით აწყობენ სხვადასხვა სირთულის ელექტრულ წრედებს.

საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიის არსებობა სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უფროსკლასელთა შორის ბევრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლე. ეს ლაბორატორიები მათ ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის  სწავლების დონის ამაღლებასა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას უწყობს ხელს.